ვოლოდიმირ ზელენსკი - გასულ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა საშუალებებმა დარტყმები მიაყენა ოკუპანტების სამხედრო ლოგისტიკას, ნავთობის ინდუსტრიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს
გასულ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა საშუალებებმა დარტყმები მიაყენა ოკუპანტების სამხედრო ლოგისტიკას, ნავთობის ინდუსტრიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ იერიშს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ „სასტიკ თავდასხმებზე სამართლიან პასუხს“ უწოდებს.
მისივე თქმით, დარტყმები ყირიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.
„მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, უკრაინის თავდაცვის დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით წარმატებით შესრულებული ოპერაციისთვის. დარტყმები განხორციელდა ყირიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე: კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულ საზღვაო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და დროებით ოკუპირებულ ქერჩში მდებარე ნავთობსაცავზე. გარდა ამისა, წარმატებული დარტყმით განადგურდა ლოგისტიკური ობიექტები, ასევე S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ოთხი რადარული სადგური და Pantsir-ის ტიპის ორი სისტემა. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის სიზუსტისა და პროფესიონალიზმისთვის. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი საშუალებები მშვიდობისთვის მუშაობს“, – წერს ზელენსკი.