ვოლოდიმირ ზელენსკი – განვსაზღვრეთ მიმართულებები, სადაც ევროკავშირთან მუშაობა უნდა გავაძლიეროთ, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა.
„ჩვენ განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, სადაც ევროკავშირთან მუშაობა უნდა გავაძლიეროთ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში წელს უკვე გაიხსნა ორი კლასტერი, ხოლო კიდევ ოთხის გახსნისთვის ვემზადებით. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, რათა დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ სერგი კორეცკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით სამი ძირითადი პრიორიტეტი განისაზღვრა.
„შევთანხმდით სამ პრიორიტეტზე, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. პირველი – უკრაინა მუშაობს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად. ჩვენ ამას მივიჩნევთ არა მხოლოდ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების ამოცანადაც, როგორც უკრაინისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აღმოფხვრის იმ გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას, რომელსაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში იყენებდა, როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირში დესტაბილიზაციის გასაღრმავებლად. ამასთანავე, უკრაინის შესაძლებლობებით ევროკავშირი მიიღებს უსაფრთხოების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ევროატლანტიკური თანამეგობრობის ევროპული კომპონენტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მეორე – სრულად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც უკრაინის ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია გვაძლევს. ყველა ევროპელმა უკრაინა ნორმალური ევროპული პროცესების განუყოფელ ნაწილად უნდა აღიქვას და სწორედ ამან უნდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკური პროგრესი, ასევე ევროპელი ლიდერებისა და სახელმწიფოების გადაწყვეტილებები.
მესამე – ყველა დონეზე ურთიერთობები ისე უნდა ავაგოთ, რომ უკრაინამ მიიღოს ყველა საჭირო დახმარების პაკეტი და გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ზამთრის პერიოდში მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ბრიუსელთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროპის დედაქალაქებთან და ევროპული ქვეყნების საზოგადოებებთან ურთიერთობა უნდა იყოს პრაქტიკული და ორიენტირებული იმაზე, რაც რეალურად დაეხმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დაცვას“, – წერს ზელენსკი.
We identified areas for intensifying work with the European Union. Two clusters in the negotiations on Ukraine’s accession to the European Union have already been opened this year, and we are preparing to open four more. Everything has been done on our part to ensure a positive… pic.twitter.com/N5QB80zj0p
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 4, 2026