ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ევროპა ყიდულობს რუსულ ნავთობს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ევროპული ქვეყანა, რომლებიც ყველაზე აქტიურად ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს – უნგრეთი და სლოვაკეთია.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმების შემდეგ „სწორედ ეს ორი ქვეყანა ჩიოდა ტრამპთან, თითქოს უკრაინა ნავთობის მოხმარების შესაძლებლობებს ამცირებს“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმები იყო უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასირებულ იერიშებზე პასუხი.

„უკრაინამ სანქციების ასეთი სახეობა მოძებნა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში უკრაინამ რამდენჯერმე დაბომბა ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ევროპელ ლიდერებთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა მათ განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა, რაც რუსეთის ომს აფინანსებს.