ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია და არა უკრაინას
ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწყობს „სატელეფონო კარუსელს“ და ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს „ბინძური ბირთვული ბომბის“ შესახებ ისტორიებით. უკრაინის პრეზიდენტის განაცხადებით, ყველამ კარგად იცის, „ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო“.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.
„სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე; ეს არის რუსული რაკეტების ტრაექტორია. კერძოდ, უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე. სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და ახდენენ აფეთქების შანტაჟს; ეს არის რუსეთი, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და იარაღების სრულ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული. ყოველთვის ცხოვრებისკენ არის და თუ ვინმეს შეუძლია, გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში, მაშინ ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია – და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს ტელეფონზე და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს: რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.