ვოლოდიმირ ზელენსკი – დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის, ეს ამ ომის მთავარი საკითხია

00:05, 07.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 10-12 თვის განმავლობაში უკრაინა ბრძოლის ველზე გაძლიერდა, რაც ომის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობას ქმნის.

„დონბასის საკითხი, ამას მთელი პატივისცემით ვამბობ ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ ან იძულებული გახდნენ, იქიდან წასულიყვნენ, დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს ამ ომის მთავარი საკითხია. ომის, როგორც გადარჩენისთვის, ისე გამოფიტვისთვის. ეს არის ტერიტორიული საკითხი, რომელიც რუსეთის მხარის მიზანს წარმოადგენს. სხვათა შორის, ცხადია, რომ ის უკრაინის ერთგვარი დასაყრდენია ბევრ საკითხში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში, პოზიციები გაიმყარა.

„იქ, სადაც მტერი აქტიურია. იქ, სადაც მან პირადი შემადგენლობა გაზარდა. იქ, სადაც, როგორც მე მიმაჩნია, რუსეთში არჩევნების შემდეგ მობილიზაცია სწორედ ამ მიმართულებისთვის განხორციელდება. ანუ იქ ბევრი გეოპოლიტიკური საკითხი წყდება, რეალურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დამცველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ისინი დიპლომატიის შესაძლებლობას ქმნიან.

„ბრძოლის ველზე ძლიერი პოზიციის, უკრაინის ძლიერი პოზიციის გარეშე, მხოლოდ ულტიმატუმები იქნებოდა, ახლა კი დიპლომატია შესაძლებელია. ჩვენ მართლაც გავძლიერდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში – არა კონკრეტულად 2026 წლის განმავლობაში, არამედ სწორედ ბოლო ერთი წლის, ვფიქრობ, ბოლო 10–12 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის მოახლოება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„იცით, ეს სერიოზული გამოწვევაა, დეფიციტია – რესურსები ყველაფრისთვის გვჭირდება: ჩვენი სამხედროებისთვის, ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და თავდაცვის საშუალებების წარმოებისთვის. ანუ ყველა ეს საკითხი ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას უახლოესი თვეებისთვის მოქმედების ორი გეგმა აქვს. გეგმა „ა“ რუსეთის ტერორის შესუსტების მიზნით დიპლომატიური პროცესების დაჩქარების მცდელობას გულისხმობს, ხოლო გეგმა „ბ“ –  უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემის განვითარებას.

„ჩვენ გავძლიერდებით. შეხვედრები მექნება როგორც ნორვეგიაში, ისე კანადაში. რამდენიმე საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ჩვენს უკრაინულ ანტიბალისტიკურ სისტემას,  უახლოეს მომავალში შესაბამისი შეხვედრები გვექნება. ვფიქრობ, ამ შედეგისკენ მაქსიმალურად სწრაფად ვიმოძრავებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული მხარე მომავალ წელს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების მოცულობას გაზრდის.

„ჩვენ ველოდებით, რომ შევძლებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთმა ქნას, ომი დასრულდეს, ეს მაინც დაგვჭირდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი სისტემები ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად გვექნება, ამიტომ მომავალ წელს მოცულობებს გავზრდით. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარი მხოლოდ უკრაინის შესაძლებლობების განვითარებასა და აშშ-ში შესაბამისი თავდაცვითი საშუალებების წარმოების გაზრდას არ ეხება, რადგან უკრაინას გერმანიასთან ლიცენზიებთან დაკავშირებით „სწორი შეთანხმებები“ აქვს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვნად გავძლიერდებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლო დღეები, განსაკუთრებით ის, რაც ცაში ხდება, ნამდვილად, უბრალოდ საშინელებაა. პუტინი ამას თავისი არჩევნების წინ აკეთებს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან ის დარტყმებს აძლიერებს. ხედავთ, ის ჩვენს ბავშვებს ატერორებს – დარტყმები დილიდან ღამემდე. ახალი ტაქტიკა. ჩვენ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა პასუხს იქამდე გასცემს, ვიდრე რუსეთის ტერორი და ომი არ დასრულდება.

„ეს ნორმალური ცხოვრება არ არის – როდესაც ჩვენ მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებული, იმ ადამიანის, რომელმაც ეს ომი დაიწყო და აგრძელებს ჩვენს ტერორს. ასეთი რამ თანამედროვე მსოფლიოში არ შეიძლება, ხდებოდეს, მაგრამ სიტყვები ცოტაა – ძლიერები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკულ და ევროპულ დელეგაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ ყველა აღნიშნავს, რამდენად გააძლიერა უკრაინამ საკუთარი პოზიციები ბრძოლის ველზე.

„ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი ნებისმიერი მომავალი შეხვედრის განხილვის ფორმატში. ამერიკულ მხარესთან და, რა თქმა უნდა, რუსულ მხარესთან. დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამმხრივი შეხვედრები გაიმართოს, ან სამმხრივი შეხვედრები ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით. ვნახოთ, რაზე დათანხმდება რუსეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი