ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტუსკთან განვიხილეთ უსაფრთხოების გამოწვევები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხსაც აქვს, მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა, რომელთაც პოლონეთში თავშესაფარი იპოვეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი განიხილა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ტუსკთან უსაფრთხოების გამოწვევებზე პოლონეთში მცხოვრები უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე ისაუბრა.
„განვიხილეთ უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ ხალხსაც აქვს. მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა, რომლებმაც ომის გამო სახლები დატოვეს და პოლონეთში თავშესაფარი იპოვეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, თავდაცვითი თანამშრომლობა.
ზელენსკის შეფასებით, თავდაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება პოლონეთისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერს ვაშინგტონში ვიზიტის შედეგების შესახებაც დაწვრილებით უამბო.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ზლენსკისთან შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს პოლონეთის ინვესტიციები უკრაინაში, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და კიევის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.