ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 76-ჯერ მიიტანა იერიში
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს რუსეთმა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ქვესადგურებზე მიიტანა იერიში.
„ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. აღდგენით სამუშაოებს ფაქტობრივად მთელი დღე-ღამის განმავლობაში აწარმოებენ. ღამით რუსებმა ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელ სახლებზეც მიიტანეს იერიში. ამ დროისთვის ცნობილია 12 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. ორი ადამიანი დაიღუპა. დილით ვოლინის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე მიიტანეს იერიში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 700 დრონი, 1 700 საავიაციო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო.
მისი თქმით, დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ქვეყანაში ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობს.
„ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების გაფორმების საპასუხოდ შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. პირიქით, ისინი ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, იმის დასტურად აღიქვამენ, რომ ომზე ფსონის დადება ამართლებს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.