ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპის ახალი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ტრამპი თამაშის წესების შემცვლელია
დონალდ ტრამპის ახალი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„სქაი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით. კითხვაზე, არის თუ არა ტრამპის ახალი პოზიცია მნიშვნელოვანი ცვლილება, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
„ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპი თამაშის წესების შემცვლელია. მსოფლიოში არც ისე ბევრი მოთამაშეა, ვისაც შეუძლია თამაშის წესების შემცვლელი იყოს, მაგრამ ის ყველაზე ახლოსაა ამასთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი მზადაა, უკრაინას ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული დეტალები, მაგრამ კარგია, რომ ვიმუშავებთ, კარგია, რომ ჩვენი გუნდები იმუშავებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით, ვინ იცის, შესაძლოა, ამაზე უფრო შორსაც წავიდეს“.