ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტით დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტით დაემუქრა, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დარტყმებს არ შეწყვეტენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქება აშშ-ში საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო ტრამპის განცხადება, რომ დიზელის გაძვირებაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგომატარებლების ფასების ზრდა ირანში მიმდინარე ომსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას უკავშირდება.
„მსოფლიოში ადამიანების უმეტესობამ იცის, რატომ გაიზარდა ნებისმიერი სახის ენერგიის, მათ შორის დიზელის, ფასი. ეს ჰორმუზის სრუტის გამო მოხდა, დიახ, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომის დასრულება სურს, თუმცა რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს იქამდე არ შეაჩერებს, ვიდრე მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
„პუტინი დიპლომატიას არ პასუხობს. მას ძალის ენა ესმის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების დროებით შემსუბუქება აშშ-ში საწვავის ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მიწოდების მოცულობა ამისთვის საკმარისი არ არის.
„დარწმუნებული ვარ, ეს შეერთებულ შტატებში ფასებზე გავლენას არ მოახდენს, რადგან მოცულობა საკმარისი არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სანქციების შემსუბუქების შედეგად მიღებულ დამატებით შემოსავალს კრემლი ომის დასაფინანსებლად გამოიყენებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი განცხადებით, აშშ კვლავ უზიარებს უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, „მუშაობს მათთან და რუსეთთან, რათა ომი დასრულდეს“.