ვოლოდიმირ ზელენსკი – „დიზელის შეთანხმება“ პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება გაგრძელდება, ეს ომის შეჩერებას ხელს ვერ შეუწყობს

16:10, 17.10.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ომის შეჩერებას ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, პირიქით, ეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიანიშნებს, რომ მის ქმედებებს მხარს უჭერენ.

„ვფიქრობ, „დიზელის შეთანხმება“ პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის იმის გამო, რომ ასეთ მხარდაჭერას იღებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და პირადად მეც იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა შეწყვიტოს მკვლელობები, ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები და ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, გუშინ უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფი ამერიკულ მხარესთან კონტაქტზე იმყოფებოდა.

„ისინი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმებას ცდილობენ. მეც მზად ვარ მათთან შესახვედრად. ვფიქრობდი, რომ ისინი ბრიუსელში ჩამოსასვლელად დროსა და შესაძლებლობას გამონახავდნენ. ამერიკულმა მხარემ ეს ვერ მოახერხა. თუმცა, ვფიქრობ, ამ კვირაში ისინი შეძლებენ და ჩვენ შევთანხმდებით შეხვედრის ფორმატზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ Starlink-ის მუშაობაზე უკრაინაში დაწესებული შეზღუდვები წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ნაწილია.

„იმის გასარკვევად, ნამდვილად აქვს თუ არა SpaceX-ს ტექნიკური პრობლემები, თუ ეს რაიმე ოპერაცია ან შეთანხმებაა, რომლის მიზანიც ჩვენი შეზღუდვა, გათიშვა და თავდაცვის შესაძლებლობის გაუქმებაა, რათა ჩვენი ხალხის დაცვა ვერ შევძლოთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე Starlink-ით აღჭურვილი რამდენიმე მანქანა გავგზავნეთ. ისინი, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, საათში 180 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ. Starlink-ი მუშაობს. გვაქვს შესაბამისი ჩანაწერები და მტკიცებულებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მიუთითებს, რომ შეზღუდვები უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი – არა.

„ესე იგი, ეს დაგეგმილი ოპერაციაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა Starlink-ის მნიშვნელობას როგორც სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისთვის, ისე ფრონტის ხაზზე. მისი თქმით, სისტემა, მათ შორის, სამხედრო პოზიციებზე მყოფი ჯარისკაცებისთვის საკვებისა და წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

მსგავსი