ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ

დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ.

„ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გაგვაჩნია. არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს. მკაფიოდ მესმის, რა ხდება ბახმუტში. ჩვენ ყველას ნათლად გვესმის, რისთვის კეთდება ეს. მე ვერ გაგიზიარებთ თქვენ ჩვენი სამხედროების ტაქტიკურ შეხედულებებს. ჩვენი სამხედროები დღეს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ, ისინი ბახმუტში იმყოფებიან. არ გავასაჯაროებ, ზუსტად რომელ წერტილში, თუმცა ბახმუტი დღეისთვის არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერნციაზე ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 1945 წლის ბირთვული დაბომბვის შემდეგ ჰიროსიმას სურათებმა მას დღევანდელი ბახმუტი გაახსენა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომავალში უკრაინის აღდგენა და რეკონსტრუქია მოხდება ისევე, როგორც ეს ჰიროსიმაში მოხდა.