ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი
ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს საბრძოლო მოქმედებებს შორის პაუზა, არამედ იყოს რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი. უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების დასაწყისის მთავარი საკითხია. შეერთებული შტატები ნათელ სიგნალს აგზავნის, რომ ამას კოორდინაციას გაუწევს და დაეხმარება, ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაში. არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, – თქვა ზელენსკიმ.

უსაფრთხოების გარანტიების დეტალები, ზელენსკის თქმით, ათ დღეში იქნება დამუშავებული. ხოლო რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.

„უკრაინა არასდროს შეჩერდება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.