ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა
ომი რუსეთმაც უნდა იგრძნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს ქვეყნის პოზიციების დაცვისა და თავდაცვითი ამოცანების შესრულებისთვის.
„უკრაინელებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა და ეს ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ომში მიზნებისთვის მიგვეღწია. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, თუ რა ჩაიდინა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროში – სამართლიან სამყაროში და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ცნობისთვის, რუსულმა მხარემ 6 აგვისტოს უკრაინის მიერ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადა. კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.