ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და დადგინდა, რომ შავ ზღვაში თავდასხმა რუსეთის საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით განხორციელდა

22:45, 06.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სამოქალაქო გემზე თავდასხმა რუსეთის საზღვაო და საჰაერო დრონებმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

„თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. უკრაინის თავდაცვის ძალებს ზღვის ამ რაიონში არანაირი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ეს მორიგი ტრაგედია რუსეთის მცდელობების გაგრძელებაა, დასავლეთ შავი ზღვის რეგიონი ნაოსნობისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახადოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, კიევმა ყველა დეტალი ბულგარეთის მხარესთან დააზუსტა.

„ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და დადგინდა, რომ ეს რუსეთის მიერ საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით განხორციელებული კომბინირებული თავდასხმა იყო. დავავალე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვასა და ყველა შესაბამის სამსახურს, მაქსიმალურად სრულად ითანამშრომლონ ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათაც და ჩვენც თავდაცვის მეტი შესაძლებლობები გვქონდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში დრონებმა ორ სავაჭრო გემზე იერიში დღეს მიიტანეს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრები კი დაკარგულად ითვლებიან. „ევროპეისკაია პრავდის“ ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ 7 ოქტომბრისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მოიწვია.

მსგავსი