ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი პოზიცია უცვლელია, უკრაინა მზადაა დეესკალაციისკენ მიმართული საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუმცა დეესკალაციის მისაღწევად საჭიროა რუსეთზე ეფექტური ზეწოლა
წინა საღამოდან ამ დრომდე რუსები უკრაინას ასზე მეტი სხვადასხვა იარაღით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშებისას გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების დიდი ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა არა ყველა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტis, დონალდ ტრამპის მიერ ენერგოსექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მათ რუსეთის ენერგოსექტორზე იერიში არ მიუტანიათ, თუმცა აღნიშნულს რუსული მხარე არ ითვალისწინებს.
„მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ცხრამეტი რეგიონი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია: უკრაინა მზადაა დეესკალაციისკენ მიმართული საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუმცა დეესკალაციის მისაღწევად საჭიროა რუსეთზე ეფექტური ზეწოლა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად სწორედ რუსეთზე განხორციელებული გლობალური ზეწოლაა საჭირო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ გასულ ღამეს რუსული თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც იყო.