ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი, ბიჭებს ვამზადებთ, ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში სამხედრო კაბინეტზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, იმსჯელეს ფრონტის ხაზის მართვასა და უკრაინის აქტიურ მოქმედებებზე.
„დღეს ჩვენ ჩავატარეთ სამხედრო კაბინეტი, მუშაობის სპეციალური ფორმატი ჩვენი თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელებთან, ჩვენს მეთაურებთან, დაზვერვასთან და ოფისთან. განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა ფრონტის ხაზის მართვისთვის და უკრაინის აქტიური მოქმედებების უზრუნველსაყოფად, ჩვენი სახელმწიფოს რუსული ტერორისგან დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აქტიური მოქმედებები დააანონსა.
„ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი. ბიჭებს ვამზადებთ. ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას. მაქსიმალურად – ერთიანობის სული. მაქსიმალური ეფექტიანობა და მაქსიმალური მომზადება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.