ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ პოზიციებს, რათა შესაძლებელი იყოს სათანადო დიპლომატია
ჩვენ ვინარჩუნებთ ძლიერ პოზიციებს, რათა შესაძლებელი იყოს სათანადო დიპლომატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, რათა მათ გადადგან ყველა ნაბიჯი, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ომის შესაჩერებლად.
„რუსები ბევრს საუბრობენ ამერიკული წინადადებების მიღების სავარაუდო მზადყოფნაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა რუსული არმიის მზადება რეალური სიჩუმისთვის. პირიქით, აღდგომის შემდეგ ოკუპანტმა განაახლა ჩვეული შეტევა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად, რუსები ცდილობენ წინ წაწევას. ფრონტზე ასეთი ბრძოლის თითოეული დღე ამტკიცებს, რომ რუსეთი ნამდვილად ცდილობს მსოფლიოს მოტყუებას, ცდილობს, მოატყუოს შეერთებული შტატები და სხვები და კიდევ უფრო გააჭიანუროს ეს ომი. სწორედ ამიტომ არის საჭირო ზეწოლა. ზეწოლა აუცილებელია, რათა რუსებმა გადადგან ყველა ნაბიჯი, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ომის შესაჩერებლად. გუშინდელმა შეხვედრებმა ვატიკანსა და რომში დაადასტურა, რომ ჩვენს პარტნიორებს ესმით, რა ხდება. უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს დიპლომატიაზე. 47 დღის წინ ჩვენ დავთანხმდით ამერიკულ წინადადებას ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ და შემდეგ რუსებს ჩვენი საკუთარი წინადადებები გავაცანით: სულ ცოტა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მაგრამ ისინი პასუხობენ „შაჰედებით“, რაკეტებით, არტილერიით და ახალი შეტევებით. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოსგან შესაბამისი რეაქცია – რეაქცია ახალი სანქციებითა და კიდევ უფრო დიდი ზეწოლით. რა თქმა უნდა, სწორედ აშშ-ს შეუძლია, გადადგას ყველაზე ხელშესახები ნაბიჯები – ხელშესახები რუსეთისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.