ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის დარტყმას, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც შეავსონ ჩვენი რეაგირება საკუთარი ქმედებებით, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე

13:34, 18.08.2026

ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ამ დარტყმას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც შეავსონ ჩვენი სამართლიანი რეაგირება საკუთარი ქმედებებით, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, რუსეთმა თავდასხმა ხარჯოვში ხალხმრავალ ადგილას განახორციელა, სადაც მხოლოდ საცხოვრებელი შენობები იყო.

ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაშავებულებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღეს.

„დღეს დილით რუსებმა სასტიკი თავდასხმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის პეჩენეგიში, ხალხმრავალ გზაჯვარედინზე – ადგილას, სადაც ფოსტა და მაღაზიებია განთავსებული და მხოლოდ საცხოვრებელი შენობებითაა გარშემორტყმული. ამ დროისთვის დაღუპულია 10 ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ბევრი ადამიანი დაშავდა და იღებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას. პირველადი დახმარების ჯგუფებმა უკვე ჩააქრეს ხანძარი და ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური აგრძელებს ადგილზე მუშაობას. ამ ტრაგედიის ყველა გარემოება დგინდება“,- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ხარკოვის რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის რეგიონის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი, ასევე კაფე, ფოსტა, მაღაზია და, სულ მცირე, შვიდი მანქანა.

მსგავსი