ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსებმა ენერგეტიკიდან სარგებელი მიიღონ, მაინც ვიპოვით გზას, რომ რუსული ნავთობი ევროპაში არ მოხვდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსებმა ენერგეტიკიდან სარგებელი მიიღონ, მაინც ვიპოვით გზას, რომ რუსული ნავთობი ევროპაში არ მოხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა რუსებს ევროპაში ნავთობის გაყიდვის უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის წინ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ორბანი ვაშინგტონში ჩავიდა და აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლებას შეეცდება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ამის უფლებას არ მისცემს.

„მან დაუყოვნებლივ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსებმა ენერგეტიკიდან სარგებელი მიიღონ. გარკვეული კონტრაქტების, ვალდებულებების და ა.შ. მიღების შემთხვევაშიც კი ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რათა რუსული ნავთობი ევროპაში არ მოხვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალიან კარგია, რომ აშშ დაინტერესებულია ამით.

„მაგრამ ჩვენ, როგორც რუსული აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყანა, ამით ნამდვილად დაინტერესებული ვართ. ორბანმა კი, რომელიც მუდმივად განიხილავს საკითხებს სხვადასხვა მნიშვნელოვან მოთამაშესთან, რათა მათ ჩვენზე გავლენა მოახდინონ, ჩემი აზრით, საარჩევნო კამპანია არა უკრაინის მიმართ სიძულვილზე, არამედ მეგობრობაზე უნდა ააგოს. ის უნდა ააგოს იდეაზე: „მისმინეთ, მე მაქვს პრობლემა, მოდით, დაგვეხმარეთ მის მოგვარებაში ენერგეტიკის სექტორში“. ის არ ფიქრობს ადამიანებზე, ამ პრობლემის გადაჭრაზე, არამედ საკუთარ თავზე. ფიქრობს, რომ ამის გაკეთება უკრაინის სიძულვილით შეუძლია. ამას ვერ გააკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსებმა იქ ნავთობი გაყიდონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს დროისა და პოზიციის საკითხია.

„ზოგიერთი რამის გაკეთება დღეს უბრალოდ არ შეგვიძლია, რადგან ამ ფაზლში ბევრი განსხვავებული დამოკიდებულებაა, მაგრამ ჩვენ მაინც ავაწყობთ ამ ფაზლის სურათს. ის ამას ნათლად ხვდება. ვერავინ შეძლებს ჩვენზე გავლენის მოხდენას, უბრალოდ ვერავინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ შეაჩერებს უკრაინის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

„უკრაინის განვითარებას, მის გზას ევროპისკენ ვერავინ შეაჩერებს. რუსები ამას ვერ გააკეთებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ორბანი გაუგებარ ემოციებს გამოხატავს.

„ყოველი დღისა და თვის განმავლობაში ვხედავთ, როგორ გამოხატავს ორბანი გაუგებარ ემოციებს იმის მაგივრად, რომ უკრაინას გვემეგობროს, ღირსეული მეზობლობისა და, პირველ რიგში, ეკონომიკის ერთად აშენების ნაცვლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა არაფერს აკეთებს უნგრელი ხალხის წინააღმდეგ და უნგრელების მადლიერია.

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უნგრეთის ლიდერის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ყოფნა. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით დიპლომატები, როდესაც ჩვენზე ასეთ სიტყვებს ამბობენ ან როდესაც რუსეთის ფედერაციას მხარს უჭერენ რიტორიკით, დიპლომატიით ან სხვა ქმედებებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ორბანი ვერ შეძლებს უკრაინის ღირსებისა და თავისუფლების დაბლოკვას და ეს „დროის ფუჭად კარგვაა“.