ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსა და საავადმყოფოებსაც კი ესვრის, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ უფრო შორს წასვლის ძალა ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსა და საავადმყოფოებსაც კი ესვრის, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ უფრო შორს წასვლის ძალა ექნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი ერთ ქვეყანაზე არ შეჩერდება, თუ მას ექნება უფრო წინ წასვლის ძალა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე უცხოელ პარტნიორებს უმეორებს, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისთვის, რადგან ეს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაა საჭირო.

„ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაზე, თუ მას უფრო შორს წასვლის ძალა ექნება.

ჩვენ ახლა უკრაინის ისტორიაში მსოფლიოსგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენს მისწრაფებებთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ, ჩაატაროთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და დაინახავთ, რომ უკრაინა ლიდერთა შორისაა, ვისაც თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ, ხოლო რუსეთი არამხოლოდ მტრებს შორისაა, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მადლიერია სხვა ქვეყნების მოქალაქეების არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის.

„რადგან ჩვენ ერთი ოცნება გვაერთიანებს – თავისუფლად ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე და გვაქვს იმისი უფლება, რაც თავისუფალ სამყაროში ყველას აქვს – უსაფრთხო ცისა და ასევე საკუთარი მიწის ქონის უფლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება თავის სახელმწიფოს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად აქცევს, სადაც სიღარიბეა და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება.

„შეხედეთ ახლა ვინ ტოვებს რუსეთს; ვის გააქვს საკუთრი ბიზნესი – ესენი არიან სპეციალისტები, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გამკლავება შეუძლიათ. ესენი არიან IT სფეროს ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლება არ არის. ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც გრძნობენ: მათ ყველაფერს წაართმევენ, როდესაც ამას მოინდომებენ. ესენი არიან ხელოვანები, რომლებმაც იციან, რომ შემოქმედება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს, ასევე არაფრად ღირს. რუსეთი კარგავს გონებას. კარგავს ტალანტებს. კარგავს ფულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ზემოთ ხსენებული მოხდება, მაშინ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და ასევე მათი ანალოგები დეგრადაციის წინაშე აღმოჩნდებიან. მისივე თქმით, კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს დაემორჩილებიან, საკუთარ განაჩენს მოაწერენ ხელს.

„ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“ იგივენაირად მკვდრად შობილია, როგორც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“. იმისთვის, რომ მოაწყონ, რაიმე სახის „კომიტეტები“ ჩვენს მიწაზე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ ხალხის ნების წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღე საპროტესტო აქციაზე გამოდის. კოლაბორაციონისტები თვითონ აწერენ ხელს საკუთარ განაჩენს; განაჩენს, რომლითაც 12 ათასზე მეტ ოკუპანტს გაჰყვებიან, რომლებმაც დროულად ვერ გაიგეს, თუ რატომ არ უნდა დაირღვეს უკრაინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონულმა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც 44-მა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ ხერსონის რეგიონი არის უკრაინა და იქ ფსევდორესპუბლიკების ადგილი არ არის.

„უკრაინა ამ გამოცდას გაუძლებს. ჩვენ გვჭირდება დრო და ძალა, რათა ომის მანქანა გავტეხოთ, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ დააკნინებს არსებულ საფრთხეებს და არ გადააჭარბებს უკრაინის მიღწევებს.

„ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და არა რუსეთის თავდაცვის უწყება, რომელიც ატყუებს ყველას – მილიონობით მოქალაქეს და თუნდაც ამ ქვეყნის ლიდერს. ამიტომ, გულწრფელად ვამბობ – ჯერ კიდევ უნდა იდგეთ. კვლავ აუცილებელია ბრძოლა, ყოველ დღესა და ღამით, რათა მტერმა მაქსიმალური ზიანი მიიღოს, თავდაცვის ყველა მიმართულებით და დიპლომატიურ ფრონტზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.