ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი ითქვა ირანში პროტესტებზე, მაგრამ შემდეგ ევროპა თითქოს გვერდზე გადგა, ევროპას არც კი უცდია საკუთარი პასუხის ჩამოყალიბება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი ითქვა ირანში პროტესტებზე, მაგრამ შემდეგ ევროპა თითქოს გვერდზე გადგა, ევროპას არც კი უცდია საკუთარი პასუხის ჩამოყალიბება

გასულ წელს სწორედ აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ისევ იმავე მდგომარეობაში ვართ და იძულებული ვარ, იგივე სიტყვები გავიმეორო, მაგრამ რატომ? პასუხი მხოლოდ საფრთხეებში არ არის. ისინი არსებობენ და შესაძლოა, ყოველ წელს ახალი საფრთხეებიც გაჩნდეს ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველამ გრენლანდიაზე გადაიტანა ყურადღება და ცხადია, ლიდერების უმეტესობას უბრალოდ არ აქვს მკაფიო პასუხი, რა უნდა გააკეთოს.

„ჩანს, თითქოს ყველა ელოდება, როდის „დაცხრება“ ამერიკა, იმ იმედით, რომ საკითხი თავისთავად გაქრება, მაგრამ თუ არ გაქრა, მაშინ რა ვქნათ? ბევრი ითქვა ირანში მიმდინარე პროტესტებზე, მაგრამ შემდეგ ევროპა თითქოს გვერდზე გადგა. დადგა შობა, ახალი წელი, სადღესასწაულო დღეები. პოლიტიკოსები არდადეგებიდან რომ დაბრუნდნენ და პოზიციის ჩამოყალიბება დაიწყეს, აიათოლას რეჟიმს უკვე ათასობით ადამიანი ჰყავდა მოკლული. და რა იქნება ირანი ამ სისხლისღვრის შემდეგ? რეჟიმი თუ გადარჩება, ეს მკაფიო სიგნალია ყველა მოძალადისთვის: მოკალი საკმარისად ბევრი ადამიანი და ხელისუფლებაში დარჩები. ევროპას არც კი უცდია საკუთარი პასუხის ჩამოყალიბება. ვნახოთ დასავლეთ ნახევარსფერო. პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ოპერაცია ვენესუელაში, მადურო დააკავეს. ამაზე განსხვავებული აზრები იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – მადურო ნიუ იორკში სასამართლოს წინაშეა, მაგრამ პუტინი სასამართლოს წინაშე არ დგას. და ის არის ყველაზე დიდი ომის ავტორი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ადამიანი, რომელმაც ეს ომი დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, კვლავ იბრძვის ევროპაში გაყინული ფულის დასაბრუნებლად. მას ნაწილობრივ წარმატებაც აქვს. საბედნიეროდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა და ამისთვის მადლობელი ვარ. მაგრამ როცა საქმე მივიდა ამ აქტივების გამოყენებამდე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვისთვის, გადაწყვეტილება დაბლოკეს. პუტინმა შეძლო ევროპის შეჩერება. სამწუხაროდ, შეძლო. შემდეგი საკითხი – ამერიკის პოზიციის გამო ბევრი ერიდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თემას. ეს გასაგებია, ეს აშშ-ის ისტორიული პოზიციაა, მაგრამ ამავე დროს არ არის რეალური პროგრესი სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში რუსეთის აგრესიისთვის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, შეთანხმება არსებობს, ბევრი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ევროპა ჯერ იმ დონეზეც კი არ მისულა, რომ ტრიბუნალს ჰქონდეს კონკრეტული ადგილი, პერსონალი და რეალური სამუშაო. რა აკლია ამას? დრო თუ პოლიტიკური ნება? ძალიან ხშირად ევროპაში ყოველთვის რაღაც „უფრო გადაუდებელი“ ხდება, ვიდრე მართლმსაჯულებაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.