ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია რეალური მშვიდობის მიღწევა, რომელიც იქნება ხანგრძლივი და არა მორიგი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის
აუცილებელია რეალური მშვიდობის მიღწევა, რომელიც იქნება ხანგრძლივი და არა მორიგი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღეს გამართული საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან კიდევ უფრო შეაჯერა პოზიციები.
„პოზიციები მკაფიოა – აუცილებელია რეალური მშვიდობის მიღწევა, რომელიც იქნება ხანგრძლივი და არა მორიგი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის. მკვლელობები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ცაში, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს და რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები დაბრუნდნენ. ათასობით ჩვენი მოქალაქე ტყვეობაში რჩება – ყველა მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს. რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე აგრესია და ოკუპაცია გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას ვთქვი, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგება ან თუ რუსეთი შეეცდება ომის პატიოსანი დასრულების თავიდან აცილებას. სანქციები ეფექტიანი ინსტრუმენტია. უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული საიმედოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს ჩართულობით. უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი უნდა განიხილებოდეს უკრაინის მონაწილეობით და არცერთი საკითხი, განსაკუთრებით ტერიტორიული, არ შეიძლება გადაწყდეს უკრაინის გარეშე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.
მისი თქმით, დღეს ევროპელმა ლიდერებმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს, რომელიც აძლიერებს უკრაინის პოზიციას.