ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ დახმარებას თუ შეწყვეტს, უკრაინა ვერ გაიმარჯვებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაშინ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ-ში რეალურად აცნობიერებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.
„ჩვენ არ უნდა წავაგოთ ამ გზაზე, რადგანაც ომი არის ნამცხვარი, რომელიც შედეგება გამარჯვებებისგან. პატარა გამარჯვევები, პატარა ნაბიჯები“, – ამბობს ზელენსკი.
ამავე ინტერვიუში ზელენსკი ვარაუდობს, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის წაგების შემთხვევაში, მასზე ზეწოლა გაიზრდება როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე ქვეყნის შიგნითაც. მისივე თქმით, „ამ გამარჯვებას პუტინი დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის“.
„ჩვენი საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა ჩინეთზე და ამ ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია.
„ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.