ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ თუ პუტინის მხარეს დადგება, ეს ისტორიული შეცდომა იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგომა ისტორიული შეცდომა იქნება.
„ჩვენ გვინდა, რომ მას ვენდობოდეთ. იმედი მაქვს, ის გადაწყვეტილებებს შეცვლის, რადგან, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შეცდომებია და არც ჩვენ დაგვეხმარება და არც შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ზელენსკიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, აშშ-მა უკრაინას გარკვეული დროით შეუზღუდა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც ქვეყანა რუსეთიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების შესახებ ინფორმაციას ვეღარ იღებდა. მოგვიანებით ინფორმაციის გაზიარება აღდგა.
„ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ახლა ის კვლავ მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების რამდენიმე დღით შეჩერების საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა უკრაინას კვლავ აქვს შეზღუდვები Starlink-ის სამხედრო ვერსიის, Starshield-ის გამოყენების სიჩქარესთან დაკავშირებით. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ SpaceX-ის მიერ დაწესებული შეზღუდვა „ამერიკის მთავრობის გზავნილს“ უკავშირდებოდა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ ტრამპმა ან SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა მიიღო, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ზუსტად არ იცის, თუმცა, მისი აზრით, ამ პროცესში ორივე მონაწილეობდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი ხვალ შეზღუდვის მოხსნას თუ გადაწყვეტს, „ყველაფერი დაუყოვნებლივ ისე იმუშავებს, როგორც ადრე“.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ტრამპთან გულწრფელია.
„შესაძლოა, ეს ძალიან თავაზიანი არ არის, მაგრამ სჯობს, გყავდეს პარტნიორები, რომლებიც ღიად და მკაფიოდ საუბრობენ, ვიდრე ისეთი ადამიანები, რომლებიც მკვლელები არიან, თუნდაც სახეზე ღიმილი ჰქონდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი ერთ მხარეს თუ აღმოჩნდებიან, უკრაინას წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.
„ეს ორი ქვეყანა ერთად თუ იქნება, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ და ვეღარც გავუძლებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე სინანული გამოთქვა, რომ ტრამპმა სანქციების ამოქმედება გადადო. ზელენსკის თქმით, გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი უკრაინისა და მშვიდობის დიდი მხარდამჭერი იყო.
„მან თავისი ცხოვრება და დრო ჩადო ამ საქმეში, რადგან ნამდვილად სჯეროდა უკრაინის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს სატელეფონო საუბარს გეგმავს აშშ-ის მომლაპარაკებლებთან და მომდევნო დღეებში შეხვედრის იმედიც აქვს.
„ამისთვის ძალიან ღია ვარ, მიუხედავად ყველა იმ რთული გარემოებისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.