ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ისგან რუსეთის დღის მილოცვა უსიამოვნო ფაქტია, ეს რუსეთის დამოუკიდებლობის დღეა, მათ კი უკრაინისთვის დამოუკიდებლობის წართმევა სურთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აგრესორი ქვეყნისთვის რუსეთის დღის მილოცვა უსიამოვნო ფაქტია.
„ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატებისგან რუსეთის დღისადმი მილოცვა ჩემთვის უსიამოვნო ფაქტია. ამას არ დავმალავ. ეს რუსეთის დამოუკიდებლობის დღეა. მათ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა სურთ. ეს ომი კონკრეტულად უკრაინის დამოუკიდებლობისთვისაა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი თქმით, არცთუ ისე დადებითად აღიქვამს იმ ხალხისადმი მილოცვას, რომელიც უკრაინისთვის დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 12 ივნისს რუსებს „რუსეთის დღე“ მიულოცა და განაცხადა, რომ აშშ-ის სურვილია რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობი რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს მოატყუებს და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს.
Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ აქვს უფლება, აშშ-ს უთხრას, თუ როგორ უნდა წარმართონ დიალოგი რუსეთთან.
„ვფიქრობ, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება და საბოლოოდ ის ტრამპს მოატყუებს. თქვენ ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს. ის ასეთი ადამიანია. ის მზადაა გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვა გზა არ არსებობს“, -აღნიშნა ზელენსკიმ.