ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ს ვთხოვ, რუსულ მხარეს გადასცენ კიევის შეთავაზება სააღდგომო პერიოდში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროებით შეწყვეტის შესახებ
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ს ვთხოვ, რუსულ მხარეს გადასცენ კიევის შეთავაზება სააღდგომო პერიოდში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროებით შეწყვეტის შესახებ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სთხოვს, რუსეთს გადასცენ კიევის შეთავაზება სააღდგომო პერიოდში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროებით შეწყვეტის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველ აპრილს ამერიკულ მხარესთან ვიდეოფორმატში შეხვედრას გამართავს. ზელენსკის თქმით, აღნიშნულ საუბარში პირადად მიიღებს მონაწილეობას. მისივე განმარტებით, შეხვედრაში უკრაინის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ხოლო ამერიკული მხრიდან – დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ობიექტებზე დროებითი სააღდგომო ზავის შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ამ დრომდე მსგავსი ინიციატივის მიმართ არანაირი სიგნალი არ ყოფილა.

„რუსული მხრიდან ჩვენთვის არანაირი სიგნალი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ მიგვიღია. ხვალ აუცილებლად გადავცემ ამ წინადადებას შეერთებულ შტატებს. მოვითხოვ, რომ ეს წინადადება რუსულ მხარეს გადაეცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები აცხადებენ, რომ დონბასს ორ თვეში დაიკავებენ და, შესაბამისად, უკრაინას რეგიონიდან გასასვლელად ორი თვე აქვს. ზელენსკის თქმით, „გაკვირვებულია“, რომ ვინმეს შეუძლია დაიჯეროს, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დონბასიდან გავა.

„და თუ უკრაინა ორ თვეში არ გავა, მაშინ რუსეთი დონბასს დაიკავებს და შემდეგ სხვა პირობები იქნება? ლოგიკური კითხვაა. თუ მათი ერთადერთი მიზანი დონბასია, ეს არის ჩემი კითხვა ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ: თუ მათ შეუძლიათ დონბასის აღება, რატომ ამბობენ, რომ უფრო შორს წავლენ და შემდეგ სხვა პირობები იქნება? ანუ, ჩემი აზრით, საქმე დონბასში არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ორ თვეში დონბასის აღებას ვერ შეძლებენ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე უნდა დაეწყო მომავალი ზამთრისთვის მზადება, მაგრამ ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვის გამო დრო დაკარგა. მისივე თქმით, სესხის დაბლოკვა „ერთი ადამიანის“ მიერ რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ხდება და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას.

„ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპაში ერთი ადამიანი მთელი ევროპის წინააღმდეგ მოქმედებდა უბრალოდ მოსკოვის დასაკმაყოფილებლად. და ამას დღეს ყველა ხედავს. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს უბრალოდ მოსკოვთან გარიგებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.