ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები დააზარალებს რუსეთის სამხედრო მანქანას, მაგრამ უკრაინას კვლავ სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები დააზარალებს რუსეთის სამხედრო მანქანას, მაგრამ უკრაინას კვლავ სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები

აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები დააზარალებს რუსეთის სამხედრო მანქანას, მაგრამ უკრაინას კვლავ სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

35-წუთიან სატელეფონო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციები „ცვლილებას მოახდენს“, თუმცა პუტინი არ დანებდება, თუ ტრამპი მეტ ზეწოლას არ განახორციელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი შეშფოთებულია ესკალაციით, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მოლაპარაკებები არ იქნება, ესკალაცია მაინც იქნება. ვფიქრობ, თუ პუტინი არ შეჩერდება, ჩვენ დაგვჭირდება რაღაც მის შესაჩერებლად. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები რუსეთზე ზეწოლას ეხებოდა.

„ვფიქრობ, მას სურდა რუსეთზე ზეწოლა, მაგრამ არ სურდა ესკალაცია ან დიპლომატიისთვის ფანჯრის დახურვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპმა სანქციების გამო რუსეთისგან „ძალიან ცუდი რეაქცია მიიღო“. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა ვარაუდობს, რომ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის ახალმა სანქციებმა, შეიძლება, ნავთობის ექსპორტი 50%-ით შეამციროს, რაც თვეში ხუთ მილიარდ დოლარამდე შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს. ზელენსკიმ, იმედოვნებს, რომ ამას მოჰყვება „ახალი მეორადი სანქციები“ და „კონგრესის პარალელური ნაბიჯები“.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინის სერიოზული მოლაპარაკებებისკენ წასვლის გზა უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობის მიცემაა. მისივე თქმით, ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას რაკეტების დაუყოვნებლივ გამოყენებაც კი არ დასჭირდება.

„ჩვენ მხოლოდ „ტომაჰავკებზე“ არ ვსაუბრობთ. აშშ-ს ბევრი მსგავსი რამ აქვს, რაც დიდ დროს არ მოითხოვს ვარჯიშისთვის. ვფიქრობ, პუტინთან მუშაობის გზა მხოლოდ ზეწოლაა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად განიხილა სამშვიდობო წინადადების წარდგენა ტრამპის ღაზის გეგმის მიხედვით. ზელენსკის თქმით, ღაზასა და უკრაინაში არსებული ვითარება განსხვავებულია, მაგრამ მზადაა, ამაზე იმუშაოს.

„გეგმა უნდა იყოს მოკლე, ზედმეტი დეტალების გარეშე. რამდენიმე მოკლე შენიშვნა. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე მომდევნო კვირაში ან ათ დღეში ვიმუშავებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი პუტინის მზადყოფნის მიმართ, მიიღოს ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს. ზელენსკის თქმით, ტრამპს ნათლად აუხსნა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო და განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვამ ასევე აჩვენა, რომ „ამჟამად ბრძოლის ველზე არავინ იმარჯვებს“.

„რუსეთს ამის გაკეთება არ შეუძლია. მას საკმარისი ხალხი არ ჰყავს. მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია. დღეს ბრძოლის ველზე ჩვენ ძირითადად იქ ვრჩებით, სადაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვიდექით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ ინდოეთი და ჩინეთი არ იყიდიან ენერგომატარებლებს რუსეთიდან, პირველ რიგში, ნავთობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.