ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, შესაძლოა, უკრაინას დახმარება შეუმციროს, სანქციები ნაწილობრივ მოიხსნა, ირანთან ომით მხოლოდ რუსეთისთვის ვხედავ სარგებელს
ირანში მიმდინარე ომით რუსეთი სარგებლობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ირანში ხანგრძლივი ომი ძალიან კარგი იქნება რუსეთისთვის და ძალიან ცუდი უკრაინისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ხანგრძლივი ომი სურს. მათ აქვთ სარგებელი – აშშ ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული და შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს. სანქციები ნაწილობრივ მოიხსნა. ირანთან ომის გაგრძელებით მხოლოდ რუსეთისთვის ვხედავ სარგებელს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
„აქსიოსთან“ ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტზე.
მისი თქმით, ლიდერებს შორის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავებული იყო, ზოგი ომის გაგრძელებას ელოდა, ზოგი კი მისი რაც შეიძლება მალე დასრულების სურვილს გამოთქვამდა.
„როდესაც გვკითხეს, ჩვენი რჩევა იყო, რაც შეიძლება მალე შეეწყვიტათ ომი და მოლაპარაკებები დაეწყოთ, მაშინაც კი, თუ ირანთან ერთად ვერ დასხდებოდნენ, და ომის დასრულების დიპლომატიური გზა ეპოვათ, თუმცა ეს მხარეებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.