ვოლოდიმირ ზელენსკი - შორი დისტანციის იარაღი, მათ შორის „ტომაჰავკი“, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებშია, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს
არის ერთი იარაღი, რომელსაც ომის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ საბჭოში განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მაშინვე ნერვიულობას იწყებს, როგორც კი აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემას ახსენებს.
„შეხედეთ, როგორ ნერვიულობდა პუტინი, როდესაც ეს თემა წამოიჭრა. მას ესმის, რომ შორი მოქმედების იარაღს შეუძლია ომის მიმდინარეობის შეცვლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მიანიშნა, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნებიდან შორი დისტანციის რაკეტების, მათ შორის „ტომაჰავკების“ მიღებას ელოდება.
„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველაფერს, რაც უკრაინას ასეთი შესაძლებლობების მოპოვებაში დაეხმარება, რადგან ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. და ეს შორი დისტანციის იარაღი არა მხოლოდ შეერთებულ შტატებშია; ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს ისინი, მათ შორის „ტომაჰავკი“. ჩვენ უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, აშშ-ის გარდა, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს ასევე ფლობენ გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ აშშ-ისგან „ტომაჰავკების“ რაკეტები იყიდეს ნიდერლანდებმა და იაპონიამაც.