ვოლოდიმირ ზელენსკი - არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ დავაწესოთ ახლები, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავე და მტკივნეულია, საჭიროა მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ გავანადგურებთ, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„როგორც ყოველთვის, დღეს ხაზზე ვიყავი ჩვენს სამხედრო მეთაურებთან, დაზვერვასთან. აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა – ძალიან მტკივნეული. საჭიროა მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ გავანადგურებთ. ბელოგოროვკა და მრიინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, სადაც იბრძვის ყველა უკრაინელის მომავალი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს და იბრძვის უკრაინისა და თავისი თანამებრძოლებისთვის. მადლობა ყველას, ვინც არასდროს გვღალატობს, ვინც ახლოსაა პოზიციებზე. დღეს განსაკუთრებით აღვნიშნავ 92-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებს ბახმუტის რაიონში წარმატებული მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახლები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.