ვოლოდიმირ ზელენსკი: „ან ჩვენ, ან ისინი“ – თუ ბელარუსი რუსული დრონების მომსახურე სარელეო სადგურებს არ დაშლის, მაშინ ამას უკრაინა თავად გააკეთებს
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი საჯარო მოთხოვნა ბელარუსისადმი, დაეშალა სარელეო სადგურები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს, ბოლო ქმედებას წარმოადგენდა, რადგან კიევმა მანამდე, სადაზვერვო არხების მეშვეობით, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია ამ მოწყობილობებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.
ამის შესახებ მან მედისაშუალება TSN-ში (Телевізійна служба новин) ტელემარათონის მიმდინარეობის დროს ისაუბრა.
„სარელეო სადგურების საკითხი ახალი არ არის, ის დიდი ხანია გრძელდება. მისი მძიმე შედეგები მხოლოდ უკრაინამ იწვნია. ეს სადგურები, ტექნიკურად, კოორდინაციის ფუნქციას ასრულებენ და ასევე ტექნიკურად ხელს უწყობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული და ირანული დრონების უფრო ზუსტ დამიზნებას. ლუკაშენკო ფლობდა ამ ინფორმაციას. მან მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ უნდა ისაუბროს დეესკალაციაზე, არამედ ეს საქმითაც უნდა დაამტკიცოს. მხოლოდ „ბოდიშის მოხდა“ საკმარისი არ არის – თავისი „ბოდიში“ თავისთვის დაიტოვოს,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინის დაზვერვისა და უშიშროების სამსახურის მეშვეობით, მან რამდენჯერმე მოუწოდა ლუკაშენკოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ , რითაც სიტუაციის დეესკალაცია უნდა მომხდარიყო. ამ ნაბიჯებში, უპირველესად, სარელეო სადგურებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მთლიანად შეწყვეტა და მათი დემონტაჟი იგულისხმება.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მინსკი ამას არ გააკეთებს, მაშინ შესაბამის ზომებს თავად უკრაინა მიიღებს.
„გამორთეთ, ჩამოხსენით და დაგვანახვეთ, რომ ნამდვილად ჩამოხსნილია. და ამით დასრულდება ეს საკითხი. როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ჩვენ უკვე გადავედით საჯარო გაფრთხილების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი მას არ ჩახსნიან, მაშინ ჩვენ ჩავხსნით. სულ ეს არის – ან ჩვენ, ან ისინი. ამ ბოლო საჯარო განცხადებაზე, ჯერჯერობით, რეაქცია არ ყოფილა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ არაერთხელ გაუგზავნა შეტყობინება ბელარუსს და მოუწოდა მინსკს, რომ რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდება შეეწყვიტა. ზელესკის განმარტებით, რომ „ეს მხოლოდ გზავნილი იყო და არანაირი მუქარა ან მსგავსი რამ“.
„ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ ყველაფერს ვხედავთ. ისევე, როგორც ზოგჯერ ვეუბნებით სხვადასხვა კომპანიებს მთელ მსოფლიოში – თქვენ მოსკოვს აწვდით ისეთ კომპონენტებს, რომლებსაც რუსეთი თავის რაკეტებში იყენებს. ჩვენ ამას საჯაროდ არ ვაკეთებთ. პირველი ნაბიჯები ყოველთვის კულისებს მიღმა იდგმება, ხოლო შემდეგი ნაბიჯები განსხვავებულია. როდესაც მივმართავთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ვეუბნებით: აი, კომპანიების სახელები… ჩვენ ვაწესებთ სანქციებს. ამაზე ჩვენი პარტნიორები ამბობენ: „ჯერ ნუ დააწესებთ. მოდით გავაფორმოთ კონტრაქტები, რათა ვაკონტროლოთ სიტუაცია, სადაც ეს შესაძლებელი“. დიახ, ეს საბაზრო ეკონომიკაა. ყველაფრის გაკონტროლება არ შეგიძლია, მაგრამ ჩვენ ვზარალდებით, რადგან ისინი (რუსები) ახალ რაკეტებს ამზადებენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სანქციების ეს პაკეტები და მათ ჩვენი ესმით“, – დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბელარუსის გომელისა და ბრესტის ოლქებში ოთხი რუსული სარელეო სადგურია, რომლებსაც რუსები უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებენ. უკრაინის ლიდერი ითხოვს, რომ რომ ბელარუსმა მათი დემონტაჟი მოახდინოს.
მანამდე, 19 ივნისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გააკეთა ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებული აღჭურვილობის შესახებ, რომელსაც რუსეთი დრონებით თავდასხმებისთვის იყენებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსს ერთი კვირა აქვს ამ აღჭურვილობის დემონტაჟისთვის: „თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ“.
უფრო ადრე, 26 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე დაადგინა პირველი 500 სამიზნე ბელარუსში იმ შემთხვევაში, თუ თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ლუკაშენკო ომში ჩაერთვება.
მის ამ განცხადებას ლუკაშენკო გამოეხმაურა და უკრაინაში ერთ, „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეზე დარტყმით დაიმუქრა, რომლის კოორდინატებსაც, მისივე მტკიცებით, მინსკი ფლობს. სწორედ მაშინ გამოთქვა ბელარუსის პრეზიდენტმა მთელი რიგი მკაცრი შენიშვნები ზელენსკის მისამართით, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.
17 აპრილს ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს, მინსკი ომში ჩაითრიოს. მაშინ მან აღნიშნა, რომ ბელარუსის სასაზღვრო რეგიონებში უკრაინის მიმართულებით გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობდა.