ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია მოსკოვში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ, აშშ გვთავაზობს სრულიად რეალისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა კიევს მოსკოვში ბოლო დღეებში გამართული რამდენიმე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„დღეს ამერიკული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია მოსკოვში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ. იქ არაერთი შეხვედრა გაიმართა. გუშინ ვისაუბრეთ და ახლაც ვესაუბრებით ამერიკულ მხარეს. მადლობას ვუხდი მათ ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრისას საჭირო ტონისთვის. ჩვენ ვაფასებთ ამ ნაბიჯების კოორდინირებულ ხასიათს და იმას, რომ ამერიკა გვთავაზობს სრულიად რეალისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო და რა უნდა გაკეთდეს. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში.
გარდა ამისა, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დარტყმების გახშირებას გეგმავს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინა დღეში საშუალოდ 300-ზე მეტ ასეთ დარტყმას ახორციელებს, თუმცა მიზანია, ეს მაჩვენებელი დღეში 1 000 დარტყმამდე გაიზარდოს.
„არსებობს კონკრეტული მიზანი და ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა. მოგვიანებით „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეტკლიფის ვიზიტის მიზანი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვაშინგტონის შეფასების პირადად გაცნობა და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბარი იყო.