ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად შემდგომ ნაბიჯებზე, მთავარი მიზანია, გახდეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად შემდგომ ნაბიჯებზე, მთავარი მიზანია, გახდეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დახმარება იყო ნომერ პირველი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან საუბრისას, რომლებიც კიევში ჩავიდნენ.

ზელენსკის თქმით, მათთან საუბარი იყო საკმაოდ ხანგრძლივი, შინაარსიანი და რაც მთავარია, ეფექტური.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ხალხის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ძლიერი და გულწრფელი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რაც აძლიერებს არამხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ მთლიანად დემოკრატიას. ჩვენც, შეერთებული შტატების მსგავსად გვესმის, რომ როდესაც დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს მთელ მსოფლიოში, ხოლო როდესაც თავისუფლებას იცავენ ერთ ქვეყანაში, მას იცავენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯების თაობაზე ჩვენი არმიის ყველა პრიორიტეტული საჭიროების დასაკმაყოფილებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მოიცავს მზადებას სამშაბათს, გერმანიაში გასამართი მინისტერიალისთვის, სადაც პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ორმოცი მინისტრი შეიკრიბება. აქ მთავარი საკითხია უკრაინის დაცვა, თავისუფლების დაცვა აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების გზები.

„ის, რომ რუსეთი არ ეძებს მშვიდობას და დემონსტრაციულად კლავს, თუნდაც აღდგომას, მეტყველებს იმაზე, რომ მეტი სანქციებით ზეწოლაა საჭირო. აუცილებელია, დაიბლოკოს რუსეთის ყველა შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლაზე. ასე რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს გადავეცით სპეციალური გეგმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკების ცალკე პუნქტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერაა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ტირანიას უზარმაზარი ფინანსური რესურსები აქვს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან, თავისუფლების ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

„გაგრძელდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობა. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები შეიძლება, იყოს ლიდერი მომავალ ქვეყნებს შორის – უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის. ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანია, გავხადოთ ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო ომის შემდეგ, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების არქიტექტურის მუშაობა ახალი საფრთხის შემთხვევაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, იგი მოხარულია იმ ამბის გაგებით, რომ შეერთებული შტატების საელჩო უახლოეს მომავალში კიევში დაბრუნდება და ასევე, მოხდება უკრაინაში აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ.