ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ ომში ორივე მხარე გამარჯვებული ვერ იქნება
ამ ომში ორივე მხარე გამარჯვებული ვერ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ მაუწყებელ CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ომში ადამიანური დანაკარგების გამო შეუძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ომში ორივე მხარე გამარჯვებული ვერ იქნება. ასე ვერ იქნება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ომი პირველივე დღიდან აღარ იყო ორივე მხარისთვის გამარჯვების მომტანი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ყველასთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მშვიდობაა, ამ ომის დასრულებაა. ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გამარჯვებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით, აშშ-ს სურს ომის დასრულება ისე, რომ ეს უკრაინისთვის იყოს მისაღები თუ ისე, რომ ეს რუსეთისთვის იყოს მისაღები, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს, თუმცა მიუღებელია, რომ ომის დასრულების საფასურის გადახდა მხოლოდ უკრაინას მოუწიოს.
„მათ სურთ ომის დასრულება ისე, რომ ეს დღევანდელი შეერთებული შტატებისთვის იყოს მისაღები და ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მაგრამ ჩვენც, ყველას გვინდა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. თუმცა არა ისე, რომ ამის საფასური მხოლოდ ერთმა მხარემ, ჩვენ, უკრაინამ გადავიხადოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის დრონებზე, რომლებიც, მისი თქმით, მოლდოვის საჰაერო სივრცეში შევიდნენ მაშინ, როდესაც მისი თვითმფრინავი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამიტომ არ გამკვირვებია. მოლდოვის მთავრობა გაკვირვებული იყო, მაგრამ რუსეთი დრონებს იყენებს. სამწუხაროა, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. და არამხოლოდ მოლდოვაში. სხვათა შორის, ამ დღეებში ისინი რუმინეთშიც იყენებენ დრონებს, რომელიც მოლდოვასთან ძალიან ახლოსაა. ეს მხოლოდ ჩემზე ან ვინმე სხვაზე ნადირობა არ არის. ნებისმიერი რუსული პროვოკაციის საპასუხოდ რეაგირებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უფრო შორს წავლენ“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაკავება არ სურს და მისი მიზანი მთლიანად უკრაინის ხელში ჩაგდებაა.
„პრობლემა ისაა, რომ ჩვენ პუტინს აზრი უნდა შევაცვლევინოთ. ძალიან უცნაურია, როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: „შეხედეთ, მას უბრალოდ უკრაინის ეს ნაწილი, ეს რამდენიმე კილომეტრი სჭირდება და სულ ეს არის“. არა, ეს გიჟური იდეაა. მას კილომეტრები არ სჭირდება. მას უკრაინა სჭირდება. მას სჭირდება, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის შიდა ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ქვეყანა ერთიანად უნდა მოქმედებდეს.
„ვგულისხმობ, რომ ეს ქვეყანა ერთი გუნდი უნდა იყოს. შესანიშნავი გუნდი იქნება თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთი გუნდი უნდა იყოს. ყოველდღე მილიონობით საკითხი ჩნდება, მათ შორის მთავრობასთან დაკავშირებით, პარლამენტთან დაკავშირებით, პარლამენტშიც კი, იცით, 100 გუნდი არსებობს. მაგრამ როდესაც რაღაც ძალიან კონკრეტულის გაკეთება გჭირდებათ, ერთი გუნდი უნდა იყოთ. ხელისუფლება და ოპოზიცია, განსხვავებული პარტიები უნდა გაერთიანდნენ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და შეცდომები არ დაუშვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.