ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ერთ კვირაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1 200 მოიერიშე დრონი გამოიყენეს, ასეთი საფრთხისგან თავის დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ერთ კვირაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1 200 მოიერიშე დრონი გამოიყენეს, ასეთი საფრთხისგან თავის დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი

კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე „შაჰედის“ დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დღეს დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინელებს ეხმარება.

„მაშველები ღამიდან მუშაობდნენ და სახანძრო ძალისხმევას დიდი დრო დასჭირდა. ამ დროისთვის ყველა დაზარალებულ ადგილას ოპერაციები დასრულებულია. მხოლოდ დღეს კიევში რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 31 დაშავდა – მათ შორის შვიდი ბავშვია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხალხს ეხმარება – ყველა მაშველს, მუნიციპალური სამსახურების ყველა თანამშრომელს, ყველას, ვინც დასახმარებლად ნამდვილად ყველაფერს აკეთებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმისთვის ათასზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენა. რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად კი ზელენსკიმ კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მხოლოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1200 მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გამოიყენეს – მათი უმეტესობა ბალისტიკური იყო. ასეთი საფრთხისგან თავის დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი – მსოფლიოში არცერთ ერს არ უნდა მოუწიოს მის წინააღმდეგ მარტო დგომა. და ამ კვირაში ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით აუცილებელ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ევროპელ პარტნიორებთან „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც გვაქვს კომუნიკაცია „პეტრიოტებთან“ დაკავშირებით. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ. მიღებულია გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი „მირაჟის“ მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. ხოლო გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით. ფინეთმა და ესპანეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, წვლილი შეიტანონ PURL-ის ინიციტივაში, მექანიზმში რომელიც ამერიკული იარაღის, მათ შორის, „პეტრიოტებისთვის“ განკუთვნილი რაკეტების შეძენას ისახავს მიზნად. ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებები აშკარად მუშაობს. ჩვენ ახალ პროექტებს ვამზადებთ – იქნება მეტი იარაღის ერთობლივი წარმოება. იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძლიერის პოზიციიდან ესაუბროს, ჩვენ უკრაინაში თავად უნდა ვიდგეთ მყარად. მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევადაროთ, რას და რამდენ ხანში გეგმავდნენ რუსები, იმასთან, თუ რა შეძლეს სინამდვილეში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „პოკროვსკში მტრის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები იმყოფებიან და ადგილზე სიტუაცია რთულია“. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა რუსების „განადგურებას და მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას გააგრძელებს“.