ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს

ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

„ექვსი თვის წინ რუსეთმა გამოგვიცხადა ომი. 24 თებერვალს მთელ უკრაინაში აფეთქებებისა და სროლების ხმა გაისმა და 24 აგვისტოს არ უნდა მოგვესმინა სიტყვები „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა! ამ ექვს თვეში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რას წარმოადგენს ის. ახლა აღარავინ იტყვის მასზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა უკრაინისთვის ომის დასასრული იქნება გამარჯვება რუს დამპყრობლებზე და არავინ შეეცდება ტერორისტებთან ურთიერთგაგების ძიებას.

„ექვსი თვეა, ვუძლებთ. ყოველი ახალი დღე არის იმის ახალი მიზეზი, რომ არ დავნებდეთ. ამდენი რამის გავლის შემდეგ, არ გვაქვს უფლება, ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება. ჩვენ არ ვეძებთ ტერორისტებთან ურთიერთგაგებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნებისმიერი გზით დააბრუნებს, 24 თებერვლის შემდეგ დათმობა და კომპრომისი შეუძლებელია.

„ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ხალხით. ჩვენთვის უკრაინა – მთელი უკრაინაა. ყველა 25 რეგიონი, არანაირი დათმობა ან კომპრომისი. ეს სიტყვები არ ვიცით, ისინი 24 თებერვალს რაკეტებმა გაანადგურა. დონბასი უკრაინაა და ჩვენ დავაბრუნებთ მას, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავაბრუნებთ, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლეს და მიხვდნენ, რომ დახმარების მიუხედავად, ქვეყნის დამოუკიდებლობას მათ გარდა არავინ დაიცავს.

„უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო და იმარჯვებს არა ძალა, არამედ სიმართლე; არა ფული, არამედ ღირებულებები; არა ნავთობი, არამედ ხალხი“, – განაცხადა ზელენსკიმ.