ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, საუბრებს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები
ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, საუბრებს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ სუმში რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ევროპას მკაცრი რეაქციისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმში ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.

„მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა. სამძიმარს ვუცხადებ ახლობლებს. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. საჭიროა მსოფლიოს მკაცრი რეაქცია. შეერთებული შტატების, ევროპის – ყველასი მსოფლიოში, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება“, – აღნიშნა უკრაინელმა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთს ომის გაჭიანურება სურს.

„აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები. საჭიროა რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი ავრცელებს. მისი თქმით, დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია. ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიში დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.