ვოლოდიმირ ზელენსკი - აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ვაქცევთ ყირიმს ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში, ყირიმი ამას იმსახურებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ვაქცევთ ყირიმს ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში, ყირიმი ამას იმსახურებს

ჩვენ აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ყირიმში მცხოვრები ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმში ოკუპანტების მიერ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნარიმან ჯელალის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა, რომელსაც სურდა, ყველაფერი გაეკეთებინა ადგილზე არსებული ვითარების შესაცვლელად.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს, რომლის შედეგი არის ის, რომ ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

„დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადავუხადე მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური დახმარება. განვიხილეთ სანქცირების ახალი ნაბიჯები. კერძოდ, მიმაჩნია, რომ სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის – ისეთს, რომ ამ ომში ჩართულთაგან ვერც ერთმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით. თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის. და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა უბიძგოს რუსებს მოქმედებისკენ – მოქმედებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც დაიწყო ეს ომი. სხვათა შორის, იგივეა, რაც გაზის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადის“ კავშირების შენარჩუნება იქნებოდა პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, კატასტროფაში გადაიზარდოს. ზუსტად ასე მოხდა. სავიზო პოლიტიკა აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.