ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სააგენტოს მისია შესაძლოა, ლეგალური გზით, ძალიან მალე გაიგზავნოს.

ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა სადგურის ტერიტორია და მიმდებარე რაიონები უპირობოდ უნდა დატოვონ.

„უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი ბირთვული სპეციალისტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუდმივ კონტაქტზე არიან. ახლა ისინი მუშაობენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ აბსოლუტურმა გამჭვირვალობამ და სიტუაციის კონტროლირებადობამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ნორმალური ბირთვული უსაფრთხოების ეტაპობრივი დაბრუნება. რუსული არმია უნდა წავიდეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და ყველა მეზობელი რაიონიდან, უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ტექნიკა სადგურიდან. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება მალე. უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან და შესაბამისი მისია ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება გაიგზავნოს ლეგალურად, ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.