ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან, რუსეთში კი სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს.

„მხოლოდ ამ დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმებისგან გათავისუფლდა და სტაბილიზებულია ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა ნოვოვოსკრესნოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა. წინსვლა გრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, ჩვენი საჰაერო ძალების მეომრები, რომლებმაც დღეს შეძლეს ირანული წარმოების ექვსი უპილოტო აპარატის ჩამოგდება, რომელთა გამოყენებასაც ოკუპანტები ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ ცდილობდნენ… ახლა კი ვეტყვი ოკუპანტებს, სადმე მსოფლიოში კიდევაც რომ იპოვოთ მეორე იარაღი თქვენი „რუსული მშვიდობისთვის“, ასეთი ბუნებრივი სახელწოდებით, როგორიც არის ეს ირანული „შაჰიდები“, ეს თქვენ მაინც ვერაფრით დაგეხმარებათ. თქვენ უკვე დამარცხდით. დამარცხდით, რადგან ახლა, ფართომასშტაბური ომის 224-ე დღეს, თქვენ გიწევთ თქვენი საზოგადოებისთვის განმარტება, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო: ეს ომი, ცრუ მობილიზაცია და თქვენი ხალხის ყველა პერსპექტივის განადგურება. როდესაც ადამიანები გრძნობენ თავიანთ სიმართლეს და საკუთარ მიწაზე იმყოფებიან, მათ თავად ყველაფერი იციან. მათ არ სჭირდებათ თავსმოხვეული ლექციები „ალტერნატიულ ისტორიაზე“ და პოლიტინფორმაციის ყოველდღიური სეანსები… უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან. რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ ისინი უნდა მოკვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 38 უძლიერეს სახელმწიფოს. მიმდინარე წელს კიევში ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ამუშავდება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, ფეხბურთის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეაქვს.

„ძალიან სიმბოლური იქნება, როდესაც ევროკავშირის სამი ქვეყანა – ესპანეთი, პორტუგალია და უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის ერთად ჩატარებას შეძლებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.