ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ქვეყნის ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებსაც გადაეცემათ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ქვეყნის ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებსაც გადაეცემათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ქვეყნის მოსახლეობას და განსაკუთრებით, მფრინავებს ავიაციის დღე მიულოცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის წარმოდგენა შეუძლებელია.

„რუსეთი იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ჩვენს ავიაციას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე საათებში. რა თქმა უნდა, მტერს ჰქონდა ასეთი სრულიად გიჟური მიზანი, ისევე, როგორც მრავალი სხვა მსგავსი მიზანი. უკრაინის საჰაერო ძალები შენარჩუნებულია და შემოჭრის პირველივე დღიდან ისინი საბრძოლო მისიებს პატივისცემით ასრულებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის 26 760 დამცველი დააჯილდოვა სახელმწიფო ჯილდოებით. მისივე თქმით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდებიან უკრაინის ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„მსოფლიოში თავისუფლებისთვის წარმატებული ბრძოლა არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ცალკეული ადამიანების ან ცალკეული ქვეყნების ბრძოლა. ეს არის ერთობლივი სამუშაო, საერთო შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველას ძალისხმევისა და სოლიდარობის წყალობით, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვინც არ მოითმენს ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.