ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ კიროვში მდებარე საწარმოზე, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობს, თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობის ობიექტიც

16:54, 24.07.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთში, ქალაქ კიროვში მდებარე საწარმოს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობს.

ზელენსკის თქმით, იერიშის სამიზნე იყო ნავთობის ობიექტიც, რომელიც უკრაინიდან დაახლოებით 1 350 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

„ეს საწარმო ოკუპანტების საავიაციო და სარაკეტო ტექნიკისთვის კომპონენტებს აწარმოებს, რომელიც, მათ შორის, ჩვენი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ მასობრივი დარტყმების დროს გამოიყენება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გრძელდება ოპერაცია რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. მისი თქმით, საუბარია ლოგისტიკურ ქსელზე, რომელიც რუსეთის არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებს, სანავიგაციო და სამხედრო აღჭურვილობას აწვდის.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „სიზუსტისა და სამართლიანი პასუხისთვის“ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს, დაზვერვასა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც ამ ოპერაციებში მონაწილეობენ.

ცნობისთვის, მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიროვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვისა და 32 დაშავებულის შესახებ. როგორც ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

მსგავსი