ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისართა კოლეგიისადმი მიმართვაში განაცხადა.

„უკრაინა მაქსიმალურად სწრაფად მიდიოდა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების გზაზე, რათა წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უკვე მიმდინარე წელს ყოფილიყო შესაძლებელი. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, და ვიტყოდი, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო სახელმწიფოსგან, რომელიც ფართომასშტაბური აგრესიის პირობებშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ ითხოვს პოლიტიკურ შეღავათებს, არამედ აჩვენებს აუცილებელ პოლიტიკურ ტემპს, რადგან იზიარებს მიდგომას, რომ გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ინდივიდუალური ქვეყნების მიღწევებს.

„უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე წელსვე მზადყოფნა. ვიმედოვნებ, ევროკავშირისთვისაც ასეა. ჩვენ ამისთვის მყარი საფუძველი შევქმენით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.