ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბლოკირება (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების აკრძალვა) მოხსნილია. ამით დავასრულეთ“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან დარტყმების შეჩერების მიუხედავად, უკრაინელ სამხედროებს აშშ-ისგან ბალისტიკური რაკეტების მოახლოების შესახებ ადრეული გაფრთხილებები აღარ მიეწოდებოდათ.
ამასთან, მისივე თქმით, ილონ მასკის კუთვნილი თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა Starlink-ი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რამაც ფრონტის ხაზზე ოპერაციები და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო სიშორის დარტყმები შეაფერხა.
მისივე თქმით, უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს ამერიკელმა კოლეგებმა განუცხადეს, რომ უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს თუ არ შეაჩერებდა, ვაშინგტონი კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას შეწყვეტდა. როგორც ზელენსკი აცხადებს, მოგვიანებით კიევს ეს შემთხვევა ტექნიკურ ხარვეზად წარუდგინეს. თუმცა ზელენსკი უარყოფს მოსაზრებას, რომ „სტარლინკის“ სისტემების შეფერხება ტექნიკური გაუმართაობით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული.
„ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს სურვილი იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.