ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების ახალი პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანასთან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების ახალი პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა.
ზელენსკიმ ამის შესახებ აშშ-ში, უკრაინული თემის წარმომადგენლებთან და ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყანა დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების გაწევას.
„დღეს შევთანხმდით, არ ვიტყვი, ვისთან, „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების პაკეტზე. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ტრამპი დადებითად იყო განწყობილი უკრაინისთვის “პეტრიოტის” სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის საკითხზე.
მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის “პეტრიოტის” სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.