ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, პარტნიორებს „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსიის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, პარტნიორებს „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსიის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებთან „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ქვეყნებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ოფიციალურად არასდროს ყოფილა ჩართული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აფეთქების ოპერაციაში.
„ჩვენ ეს საკითხი გერმანულ მხარესთან მაღალ დონეზე განვიხილეთ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინა არ იდგა შესაბამისი ოპერაციის არც განხორციელებისა და არც მისი დაგეგმვის უკან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავის პარტნიორებს ამ საკითხში.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს. რა თქმა უნდა, ამას უკვე ვაკეთებთ. ამ საკითხზე ჩვენი გენერალური პროკურატურა მუშაობს. ამ საკითხზე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროც მუშაობს. მუდმივი კონტაქტები გვაქვს. ჩვენ ყველაფრისთვის ღია ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსიის საქმესთან დაკავშირებით ხორვატიაში უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ჟურავლევი დააკავეს. საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირი, უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი, უკვე დაკავებულია გერმანიაში.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები 2022 წლის 26 სექტემბრის ღამეს, ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან მოხდა. აფეთქებების შედეგად გაზსადენების ოთხი მილიდან სამი დაზიანდა.