ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ ემხრობა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და იმ გარემოებას, რომ ქვეყნის სამხრეთზე კონტროლი რუსეთმა შეინარჩუნოს
უკრაინა ფრონტის ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ემხრობა, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ დაეთანხმება იმ გარემოებას, რომ ქვეყნის სამხრეთზე კონტროლი რუსეთმა შეინარჩუნოს.
ზელენსკის თქმით, არსებობს გარკვეული სიგნალები, რომელიც ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებას ეხება.
„იმ ადგილზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ. ჩვენ ავხსენით, რომ არ იქნება მინსკი 3, ან მინსკი 5 თუ 7. ამ თამაშს არ ვითამაშებთ. დავკარგეთ ტერიტორიების ნაწილი და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენგან ეს ყველამ მოისმინა, რადგან ეს სატყუარაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს თუ შეწყდება საომარი მოქმედებები, უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის გარეშე დარჩება.
„შემდეგ იქნება რაღაც პირობები. ეს გაგრძელდება რამდენიმე წელი. ჩვენ კი ამ დროს არ გვექნება გასასვლელი ზღვაზე, არაფერი გვექნება. შემდეგ, ერთი წლის მერე მობრუნდებიან და მივლენ ნიკოლაევში, ოდესაში. ჩვენ ვხვდებით, რა ხდება. შემდეგ კიდევ მოინდომებენ მობრუნებას, მაგალითად ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის დასამშვიდებლად უკრაინა არანაირ პირობას არ დათანხმდება.