ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ. ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

„ყველა საკითხი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, თუმცა დახურულია, დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, ოკუპანტები იგრძნობენ მათ შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეახსენა მოქალაქეებს, რომ უკრაინაში ზაფხულის ბოლო უქმე დღეებში დონეცკისა და მაღაროელის დღე აღინიშნება.

„დონეცკი ყოველთვის იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი. მაღაროელის შრომასა და პროფესიას ყოველთვის უდიდეს პატივს სცემდნენ. ახლა დონბასი თითქმის სრულად განადგურებული და დაცარიელებულია რუსეთის დარტყმების გამო. ამაყი უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსეთის ოკუპაციით, გაძარცვულია. რუსეთმა დონეცკში ყველაზე საშინელი რამ მიიტანა. ესაა სოცოცხლის ფასის სრული იგნორირება, აბსოლუტური უპატივცემლობა ყველას მიმართ. ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი. მათ სჯერათ, რომ დონეცკში სამუდამოდ არიან, თუმცა ისინი იქ დროებით იმყოფებიან. უკრაინა კი დაბრუნდება, სიცოცხლე აუცილებლად დაბრუნდება, დონბასელი ხალხის ღირსება დაბრუნდება. სიცოცხლის შესაძლებლობა დაბრუნდება, უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა. სწორედ ამის სიმბოლო იქნება უკრაინული დროშა, რომელსაც აღვმართავთ დონეცკში, ჰორლოვკაში, მარიუპოლსა და დონბასის ყველა ქალაქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.