ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამთავრობო დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მზადდება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამთავრობო დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მზადდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამთავრობო დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მზადდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს გავმართე თათბირი მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან აღდგენის საკითხზე. კერძოდ, ხარკოვში, პოლტავის ოლქში, ვოლინსა და როვნოში ვიზიტებისა და ჩატარებული თათბირების შედეგებზე. ეს ეხება ობიექტების მშენებლობების დასრულებას და აღდგენის საკვანძო პრიორიტეტებსაც, ასევე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უზურუნველყონ სახელმწიფო ამოცანების სრული შესრულება. სამთავრობო დონეზე მზადდება საკადრო გადაწყვეტილებები, ასევე დამატებითი გადაწყვეტილებები, რომ უკვე ამ შემოდგომაზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა შეძლოს სკოლებში სწავლა არა ონლაინ, არამედ ნორმალურად, რომ იყოს ნორმალური სასკოლო ცხოვრება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ომის დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში აგვისტოში იგეგმება უცხოელი ლიდერების ვიზიტები.

როგორც ივლისში უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, ზელენსკის გარემოცვაში ამბობენ, რომ ის, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლას გეგმავს.