ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს, რათა ტერორის შეწყვეტა აიძულოს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს, რათა ტერორის შეწყვეტა აიძულოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს, რათა აიძულოს ტერორის შეწყვეტა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში განაცხადა.

უკრიანის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ახორციელებს ენერგეტიკულ, რადიაციულ ტერორს, ასევე შიმშილით ტერორს, ამის მიუხედავად, ზელენსკის თქმით, რუსეთს არ აღიარებენ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებს კი კვლავ შეუძლიათ ევროპაში გასამგზავრებლად ვიზების მიღება.

„რატომ შეუძლია მსოფლიოს ტერორის ყველაზე დიდ წყაროს – რუსეთს ამ დრომდე ომის წარმოება? რატომ შეუძლია მას ომის წარმოება ასე სასტიკად და ცინიკურად? მიზეზი მხოლოდ ერთია – რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლა. ამ სახელმწიფოს ტერორზე არასაკმარისი რეაგირება. უბრალოდ შეხედეთ, რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს რუსეთი. არც ერთ სხვა ტერორისტს ეს არასდროს გაუკეთებია ისტორიაში – ამდენი რამ ერთდროულად. რადიაციული ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, სადაც ექვსი ენერგობლოკია! მხოლოდ რუსეთის ძალების სადგურზე ყოფნამ, რუსეთის მუდმივმა პროვოკაციებმა და სადგურის ტერიტორიის დაბომბვამ უკრაინა და მთელი ევროპა ბირთვული კატასტროფის ზღვარზე დააყენა. ენერგეტიკული ტერორი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობა განიცდის ენერგორესურსების ფასის მტკივნეულ ზრდას. რუსეთი ამას გაცნობიერებულად აკეთებს. გააზრებულად ახორციელებს ევროპაში გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას, თავისი დარტყმებით გაცნობიერებულად ზღუდავს ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის ჩვენს შესაძლებლობებს… შიმშილით ტერორი – ეს არის რუსეთის ძალიან ცინიკური და აბსოლუტურად გათვლილი ტაქტიკა. ის მიმართულია არა უბრალოდ ღარიბი ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ სწორედ მსოფლიოს იმ რეგიონების წინააღმდეგ, საიდანაც ევროპაში შესაძლოა, ლტოლვილთა ახალი ნაკადები გაემართოს. ევროპაში მწვავე მიგრაციული კრიზისი – აი, ასეთი გათვლა აქვს ტერორისტ სახელმწიფოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, საბედნიეროდ, უკრაინამ თავის პარტნიორებთან, გაერო-სა და თურქეთთან ერთად შეძლო მარცვლეულთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა და რუსეთი აიძულეს, გაეხსნა უკრაინული პორტები. თუმცა, მოსკოვი პორტების ბლოკადით კვლავ იმუქრება.

„და როგორ რეაგირებს მსოფლიო? ამ დრომდე არ არის რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება. ამ დრომდე ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპაში გამგზავრება დასასვენებლად და საშოპინგოდ, ამ დრომდე მათ შეუძლიათ ევროპული ვიზების მიღება და არავინ იცის, არიან თუ არა მათ შორის ჯალათები და მკვლელები, რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ დრომდე რუს პროპაგანდისტებს შეუძლიათ მუშაობა აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთის მიერ შექმნილი სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის გამო ყველაზე დიდი ქაოსი ემუქრებათ. ამ დრომდე ჩვენ გვიწევს, ვითხოვოთ დახმარება, რათა დავიცვათ ჩვენი ცა რუსული რაკეტებისგან – სრულმასშტაბიანი ომის 200 დღის შემდეგ!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც ასობით ათასი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიბომბა ის ობიექტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამხედრო ინფრასტრუქტურასთან.

„ერთი მხრივ, ეს არის მათი სასოწარკვეთის ნიშანი, ვინც მოიგონა ეს ომი. ისინი ასე რეაგირებენ ხარკოვის ოლქში რუსეთის ძალების განადგურებაზე. ისინი ვერაფერს უშვებიან ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე და ამიტომ რუსეთი თავის მხდალ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმართავს. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს, ხელი შეგვიშალოს, რომ უკრაინის შესაძლებლობები ევროპაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოვიყენოთ. ელექტროენერგიის ჩვენი ექსპორტი არის ის, რისიც რუსეთს ახლა ძალიან ეშინია, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ჩავშალოთ რუსეთის გეგმები ამ ზამთარს გიჟური ენერგეტიკული ფასების გამო ევროპელების ჯიბის გამოსუფთავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერორის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარება, სანქციების გამკაცრება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარება.

უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთი ეცდება, ენერგეტიკული ტერორი სისტემური გახადოს და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები გააგრძელოს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი დავალებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თათბირი გამართა ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა სამინისტროების, „ნავტოგაზის“ წარმომადგენლებთან. შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი რუსეთის ტერორის ამგვარ გამოვლინებებზე სწრაფი რეაგირებისთვის.